ლიტვა: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების თაობაზე ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი იქნება არაკანონიერი

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფერენდუმს გამოეხმაურა.

„ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების თაობაზე ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი იქნება არაკანონიერი და იურიდიული ძალის არმქონე. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - წერია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ზე  გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა. 

„კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. 

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.

ასევე წაიკითხეთ 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს

საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა